გიუნტერ გრასი დაიბადა 1927 წლის 16 ოქტომბერს ქალაქ დანციგში - გერმანელი მწერალი, მოქანდაკე, მხატვარი, გრაფიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1999). მისი მშობლები ვაჭრები იყვნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს გაწვეულ იქნა გერმანულ ჯარში და მსახურობდა საავიაციო დანაყოფში. ომის დასრულების შემდეგ 1946 წლამდე ამერიკელთა ტყეობაში გაატარა.
1947-1948 წწ. სწავლობდა ქვისმთლელობას დიუსელდორფში. ამის შემდგომ დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა ქანდაკებასა და ფერწერას.1953-1956 წლებში ფერწერის შესწავლა გააგრძელა ბერლინის სახვითი ხელოვნების უმაღლეს სკოლაში.
1956-1959 წლებში ცხოვრობდა პარიზში. 1960 წელს დაბრუნდა ბერლინში, სადაც იგი 1972 წლამდე ცხოვრობდა. 1954 წელს გრასიმ ცოლად შეირთო ანა შვარცი, რომელსაც 1978 წელს დაშორდა. 1979 წელს ხელმეორედ იქორწინა უტა გრუნერტზე.
1956-1957 წლებში გიუნტერ გრასმა საკუთარი ქანდაკებებისა და გრაფიკული ნაშრომების გამოფენა დაიწყო, ამავე დროს დაიწყო მისი ლიტერატურით გატაცება. იმ დროს გრასი წერდა მოთხრობებს, ლექსებსა და პიესებს, რომელსაც თავად აბსურდის თეატრს მიაკუთვნებდა.
წარმოსახვითი ენით იყო დაწერილი რომანიც "თუნუქის დოლი" (გერმ. Die Blechtrommel). ამ რომანისთვის მან მიიღო პრემია "ჯგუფი 47"–ის, რომელშიც თვითონაც მოღვაწეობდა 1957 წლიდან. 1960 წელს ქალაქ ბრემენის ლიტერატურული პრემიის ჟიურის სურდა მიენიჭებინა პრემია რომანისთვის, თუმცა ბრემენის სენატი შეეწინააღმდეგა ამას. 1979 წელს რომანის ეკრანიზაცია გამოვიდა (რეჟისორი – ფოლკერ შლიონდორფი). იმავე წელს ფილმმა "თუნუქის დოლი" მიიღო კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი – ოქროს პალმის რტო, და ასევე ,,ოსკარი" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.
გიუნტერ გრასისი მეორე რომანმა "კატა და თაგვი", რომლის მოქმედებაც მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობს ქალაქ დანცინგში, და მოგვითხრობს ახალგაზრდა იოაჰიმ მალკეს ისტორიას, სკანდალი გამოიწვია. ჰესენის მუშაობისა და ჯანდაცვის მინისტრმა, რომანში ონანიზმის სცენის აღწერის გამო, მოითხოვა ფედერალური ორგანოებისგან ჩაეტარებინათ რომანის კვლევა, როგორც ამორალური შინაარსის მქონე. თუმცა საზოგადოების პროტესტის შემდეგ მინისტრი იძულებული გახდა უკან დაეხია.
1999 წელს, 72 წლის ასაკში გიუნტერ გრასმა მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.
2005 წელს ჩამოაყალიბა ლიტერატურული წრე – "ლიუბეკის ლიტერატურული შეხვედრები". ამჟამად გიუნტერ გრასი ცხოვრობს ქალაქ ლიუბეკში. ლიუბეკშივეა მისი სახლი, რომელშიც ინახება ყველა მისი ხელნაწერი. 2012 წელს მან გამოაქვეყნა ლექსი „ის რაც უნდა ითქვას", სადაც გააკრიტიკა ისრაელი მისი სამხედრო პროგრამის გამო. შედეგად გრასი ისრაელში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს. ნობელის პრემიის მიღებისას გიუნტერ გრასმა წარმოსთქვა:
"ჩვენ შიშით ვაკვირდებით, რომ კაპიტალიზმი, მას შემდეგ რაც მისი ძმა სოციალიზმი მკვდრად გამოცხადდა, განდიდების მანიითაა შეპყრობილი... "
დანციგის ტრილოგია
- თუნუქის დოლი / Die Blechtrommel (1959)
- კატა და თაგვი / Katz und Maus (1961)
- ძაღლური წლები / Hundejahre (1963)
რომანები
- ლოკოკინას დღიურიდან / Aus dem Tagebuch einer Schnecke (1972)
- შეხვედრა ტელგტეში / Das Treffen in Telgte (1979)
- ვირთხა / Die Rättin (1986)
- ჩემი საუკუნე / Mein Jahrhundert (1999)
- კიბორჩხალას ტრაექტორია / Im Krebsgang (2002)
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen